ნისლი – (ინგ. Fog) (რუს. Тума́н)
ატმოსფერული მოვლენა, წყლის დაგროვება ჰაერში, რომელიც წარმოქმნილია წყლის ორთქლის უმცირესი ნაწილაკებით (-10˚-ზე მეტ ტემპერატურაზე წყლის წვეთები; -10˚…-15˚ ტემპერატურულ შუალედში წყლის წვეთებისა და ყინულის კრისტალების ნარევი -15˚-ზე დაბალ ტემპერატურაზე ყინულის კრისტალები, რომელიც ბრწყინავს მზის სხივებში ან მთვარისა და ფარნების შუქზე).
ზოგადი მონაცემები
ნისლის დროს ჰაერის ფარდობითი ტენიანობა, ჩვეულებრივ, 100%-ს უახლოვდება (ყოველ შემთხვევაში 85-90%-ს აჭარბებს). თუმცა ძლიერი ყინვების დროს (-30˚ და უფრო ნაკლები ტემპერატურა) დასახლებულ პუნქტებში, რკინიგზის სადგურებზე და აეროდრომებზე ნისლი შეიძლება იყოს ჰაერის ნებისმიერი ფარდობითი ტენიანობის დროს (50%-ზე ნაკლებისაც კი) იმ წყლის ორთქლის კონდენსაციის ხარჯზე, რომელიც საწვავის წვის(ძრავებში, ღუმელებში და ა.შ.) დროს წარმოიქმნება და გამოსაბოლქვი მილებით და კვამლსადენებით გამოიყოფა ატმოსფეროში.
ნისლის უწყვეტი ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღე-ღამემდე (ზოგჯერ ნახევარი საათიდან ერთ საათამდე), განსაკუთრებით წელიწადის ცივ დროს.
ნისლი ხელს უშლის ყველა სახის ტრანსპორტის (განსაკუთრებით კი ავიაციის) ნორმალურ მუშაობას, ამიტომ ნისლის პროგნოზირებას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს.
ნისლის ხელოვნური შექმნა გამოიყენება სამეცნიერო კვლევების დროს, ქიმიურ წარმოებაში, თბოტექნიკაში, მცენარეთა მავნებლებთან ბრძოლაში და სხვა დარგებში.
ნისლის სახესხვაობები
ჯანღი – მიწის (ან წყალსატევის) ზედაპირზე უწყვეტ თხელ ფენად ან ცალკეულ ფთილებად იმგვარად დაწოლილი ნისლი, რომ მის ფენაში ჰორიზონტალური ხილვადობა 1000 მ-ზე ნაკლებია, ხოლო 2 მეტრის სიმაღლეზე 1000 მ-ს აჭარბებს (ჩვეულებრივ, როგორც ფოშფოშის დროს, 1-დან 9 კმ-დეა, ზოგჯერ კი 10 კმ-ს აჭარბებს). როგორც წესი, საღამოს, ღამისა და დილის საათებშია. ცალკე აღსანიშნავია ყინულის ჯანღი, რომელიც -10°…-15° ტემპერატურულ ინტერვალში წარმოიქმნება და მზის სხივებში ან მთვარისა და ფარნების შუქზე მბრწყინავი ყინულის უწვრილესი კრისტალებისგან შედგება.
გამჭოლი ნისლი, რომელშიც 2 მ-ის სიმაღლეზე ჰორიზონტალური ხილვადობა 1000-მ-ზე ნაკლებია (ჩვეულებრივ რამდენიმე ასეულ მეტრს შეადგენს, ხოლო რიგ შემთხვევებში მცირდება რამდენიმე ათეულ მეტრამდეც კი), ვერტიკალურად სუსტად არის განვითარებული, ასე რომ, შესაძლებელია ცის მდგომარეობის (ღრუბლების რაოდენობისა და ფორმის) განსაზღვრა. უფრო ხშირად საღამოს, ღამისა და დილის საათებშია, განსაკუთრებით წელიწადის ცივ ნახევარში ჰაერის ტემპერატურის მომატების დროს. ცალკე აღსანიშნავია ყინულის გამჭოლი ნისლი, რომელიც -10°…-15° ტემპერატურულ ინტერვალში წარმოიქმნება და მზის სხივებში ან მთვარისა და ფარნების შუქზე მბრწყინავი ყინულის უწვრილესი კრისტალებისგან შედგება.
ნისლი – უწყვეტი ნისლი, რომელშიც 2 მ-ის სიმაღლეზე ჰორიზონტალური ხილვადობა 1000-მ-ზე ნაკლებია (ჩვეულებრივ რამდენიმე ასეულ მეტრს შეადგენს, ხოლო რიგ შემთხვევებში მცირდება რამდენიმე ათეულ მეტრამდეც კი), ვერტიკალურად იმდენად კარგად განვითარებული, რომ შეუძლებელს ხდის ცის მდგომარეობის (ღრუბლების რაოდენობისა და ფორმის) განსაზღვრას. უფრო ხშირად საღამოს, ღამისა და დილის საათებშია, მაგრამ დღისითაც შეიძლება წარმოიქმნას, განსაკუთრებით წელიწადის ცივ ნახევარში ჰაერის ტემპერატურის მომატების დროს. ცალკე აღსანიშნავია ყინულის ნისლი, რომელიც -10°…-15° ტემპერატურულ ინტერვალში წარმოიქმნება და მზის სხივებში ან მთვარისა და ფარნების შუქზე მბრწყინავი ყინულის უწვრილესი კრისტალებისგან შედგება.
კლასიფიკაცია
წარმოქმნის მეთოდის მიხედვით ორ სახეობად იყოფა:
გაცივების ნისლი – წარმოიქმნება ნამის წერტილზე უფრო დაბალ ტემპერატურამდე ჰაერის გაცივების გამო წყლის ორთქლის კონდენსაციის შედეგად.
აორთქლების ნისლი – წყალსატევებისა და ხმელეთის ნოტიო უბნების შედარებით თბილი ზედაპირიდან ცივ ჰაერში ანაორთქლია.
გარდა ამისა, ნისლს განასხვავებენ წარმოქმნის სინოპტიკური პირობების მიხედვით:
მასის შიგა ყალიბდება ჰაერის ერთგვაროვან მასებში.
- ფრონტალური – წარმოიქმნება ატმოსფერული ფრონტების საზღვრებზე.
ფოშფოში – ძალიან სუსტი ნისლის. ფოშფოშის დროს ხილვადობის სიშორე რამდენიმე კილომეტრია. მეტეოროლოგიური პროგნოზირების პრაქტიკაში შემდეგნაირად მიიჩნევენ:
- ფოშფოში – ხილვადობა მეტია ან ტოლი 1000 მეტრისა, ნისლი – ხილვადობა 1000 მეტრზე ნაკლებია. ნისლი ძლიერად ითვლება მაშინ, როდესაც ხილვადობა ნაკლები ან ტოლია 500 მეტრისა.
- მასის შიგა ნისლი
ბუნებაში, მასის შიგა ნისლი ჭარბობს. როგორც წესი, ის გაცივების ნისლია. მათ ასევე რამდენიმე ჯგუფად ყოფენ:
- რადიაციული ნისლი – ნისლი, რომელიც წარმოიქმნება დედამიწის ზედაპირისა და მისი მოსაზღვრე ტენიანი ჰაერის რადიაციული გაცივების შედეგად ნამის წერტილზე უფრო დაბალ ტემპერატურამდე. ჩვეულებრივ, რადიაციული ნისლი ღამით წარმოიქმნება, ანტიციკლონის პირობებში მოწმენდილ ამინდში და სუსტი ბრიზის არსებობისას. ხშირად ყალიბდება ტემპერატურული ინვერსიის პირობებში, რომელიც ხელს უშლის ჰაერის მასების ასვლას. მზის ამოსვლის შემდეგ, ჩვეულებრივ, რადიაციული ნისლი სწრაფად იფანტება. თუმცა, წელიწადის ცივ დროს, მდგრად ანტიციკლონებში შესაძლოა დღისითაც შენარჩუნდეს, ზოგჯერ კი ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაშიც არსებობდეს. საწარმოო რაიონებში შეიძლება წარმოიქმნას რადიაციული ნისლის უკიდურესი ფორმა სმოგი.
- ადვექტიური ნისლი – წარმოიქმნება ხმელეთისა და წყლის შედარებით ცივ ზედაპირზე თბილი ნოტიო ჰაერის მოძრაობის პროცესში მისი გაცივების შედეგად. მისი ინტენსივობა დამოკიდებულიაჰაერსა და ქვეგებულ ზედაპირს შორის ტემპერატურათა სხვაობაზე და ჰაერის ტენიანობაზე. ეს ნისლი შეიძლება წარმოიქმნას როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე და უზარმაზარი ცალკეულ შემთხვევებში ასობით ათას კმ2-მდე ფართობი მოიცვას. ადვექტიური ნისლი, ჩვეულებრივ, მოღრუბლულ ამინდშია, უფრო ხშირად ციკლონების თბილ სექტორებში. ადვექტიური ნისლი რადიაციულ ნისლზე უფრო მდგრადია და ხშირად დღისითაც არ იფანტება.
- ზღვის ნისლი – ადვექტიური ნისლია, რომელიც წარმოიქმნება ზღვაზე ცივი ჰაერის თბილ წყალზე გადასვლის პროცესში. ეს არის აორთქლების ნისლი. ასეთი სახის ნისლი ხშირად წარმოიქმნება, მაგალითად, არქტიკაში, როდესაც ჰაერი ყინულის საფარიდან ზღვის გაშლილ ზედაპირზე ხვდება.
ნისლი და თოვლი თუშეთში
ფრონტალური ნისლი
ფრონტალური ნისლი წარმოიქმნება ატმოსფერული ფრონტების მახლობლად და მათთან ერთად გადაადგილდება. ფრონტის ზონაში მოსული ნალექების აორთქლების შედეგად ხდება ჰაერის გაჯერება წყლის ორთქლით. ფრონტების წინ ნისლის გაძლიერებაში გარკვეულ როლს თამაშობს ატმოსფერული წნევის დაცემა, რომელიც ჰაერის ტემპერატურას ადიაბატურად ოდნავ ამცირებს.
მშრალი ნისლი
ხშირად, სალაპარაკო ენაში და მხატვრულ ლიტერატურაში ნისლს მიაკუთვნებენ ე.წ. მშრალ ნისლსაც (ბურუსს), რომელსაც ახასიათებს ხილვადობის საგრძნობი გაუარესება ტყის, ტორფისა და ველების ხანძრების გამო, ან ქარის მიერ ატაცებული და გადატანილი (ზოგჯერ საკმაოდ დიდ მანძილზე) ლიოსის მტვრის ან ქვიშის ნაწილის ხარჯზე, ასევე სამრეწველო საწარმოების გამონაბოლქვის შედეგად.
არც თუ იშვიათია მშრალ და ტენიან ნისლს შორის გარდამავალი მდგომარეობაც ასეთი ნისლი შედგება წყლის ნაწილაკებთან შერეული საკმაოდ დიდი რაოდენობის მტვრის, კვამლისა და ჭვარტლისგან. ეს არის ე.წ. ჭუჭყიანი, ქალაქური ნისლი, რომელიც წარმოადგენს წვის პროცესის შედეგად დიდი ქალაქების ჰაერში საყოფაცხოვრებო, და უფრო მეტად, საწარმოო საკვამლე მილებიდან გამონაბოლქვი მყარი ნაწილაკების არსებობის შედეგს.
ნისლის მახასიათებლები
ნისლის დასახასიათებლად გამოიყენება ნისლის წყლიანობის მაჩვენებელი, რომელიც ნისლის მოცულობის ერთეულში წყლის წვეთების საერთო მასას აჩვენებს. ნისლის წყლიანობა, ჩვეულებრივ, არ აჭარბებს 0,05-0,1 გ/მ3-ს, მაგრამ, ცალკეულ მკვრივ ნისლში შეიძლება 1-1,5 გ/მ3-ს აღწევდეს.
წყლიანობის გარდა ნისლის გამჭვირვალობაზე მოქმედებს მისი წარმომქმნელი ნაწილაკების ზომებიც. ნისლის წვეთების რადიუსი, ჩვეულებრივ, 1-დან 60 მკმ-მდე მერყეობს. წვეთების უმეტესობის რადიუსი კი ჰაერის დადებითი ტემპერატურის დროს არის 5-15 მკმ, ხოლო უარყოფითი ტემპერატურის დროს – 2-5 მკმ.