იქ სადაც წარმოიქმნება მსოფლიოში ყველაზე დიდი ტალღები

პორტუგალია, ქვეყანა რომელიც მასპინძლობს ტურისტებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, წელიწადის ნებისმიერ დროს. ამ ქვეყანაში უამრავი ტურისტული ღირსშესანიშნავობაა, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ ტურისტებს არა მარტო ზაფხულის სეზონის განმავლობაში არამედ წელიწადის სხვა დროსაც. პორტუგალიის ყველა კუთხე კუნჭული რაღაცით განთქმულია და ასევე მის არამც თუ დედაქალაქს, პორტუგალიის ყველა პატარა ქალაქს აქვს თავისი უნიკალური თვისება.

მაგალითად პატარა საზღვაო საკურორტო ქალაქს სახელწოდებით ნაზარე რომლის მოსახლება შეადგენს მხოლოდ 15000 მაცხოვრებელს, ზაფხულის სეზონის განმავლობაში არც თუ ისე ბევრი სტუმარი ყავს, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით ნამდვილი გახურებული სეზონია. არა, თოვლი აქ არ მოდის გუდაურისგან განსხვავებით. ტურისტებს სწადიათ იხილონ ამ პატარა ქალაქის სანაპიროზე წარმოშობილი უზარმაზარი 30 მეტრი ანუ 9 სართულიანი კორპუსის სიმაღლის ტალღები.

პატარა ქალაქი ნაზარე განლაგებულია პორტუგალიის დასავლეთით, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ზაფხულის პერიოდში თითქმის მას ვერ გაარჩევ ასეთივე უამრავი საზღვაო კურორტისგან სადაც დამსვენებლები ნებივრობენ მცხუნვარე მზის ქვეშ პლიაჟის თეთრ ქვიშაზე, მაგრამ ოქტომბრის დასაწყისიდან სულ სხვა პუბლიკა იყრის აქ თავს, რომელსაც პასიური დასვენების ნაცვლად სახიფათო ექსტრიმი ურჩევნია.

ოქტომბრიდან თებერვლამდე ამ ქალაქში თავს იყრიან სერფინგის და სხვა ექსტრემალური სპორტის თავზეხელარებული თაყვანისმცემლები. მათ იზიდავენ სანაპიროსთან წარმოშობილი უმაღლესი ტალღები რომლებიც წარმოადგენენ ბუნების ერთ ერთ დაუვიწყარ სანახაობას და გვაიძულებენ დავაფასოთ ველური ბუნების მთელი სიდიადე.

სპორტის მოყვარულთა გარდა აქ თავს იყრიან უბრალო ტურისტების ჯგუფები რომლებიც ცდილობენ გადაიღონ გიგანტური ტალღების მშვენიერი ფოტოსურათები, ტალღებისა რომლებიც ასკდებიან პლიაჟს მათგან რამდენიმე მეტრის მოშორებით.

ქალაქ ნაზარეს სანაპიროზე გიგანტური ტალღების წარმოშობის მთავარი მიზეზია მის მახლობლად ატლანტის ოკიანის ფსკერზე არსებული წყალქვეშა კანიონი სიგრძით 227 კილომეტრი და სიღრმით 5000 მეტრი.

ეს კანიონი როგორც ტრამპლინი ისე ისვრის მაღლა ოკეანის ტალღებს.