20 წლის წინ გამოვიდა PBS-ის ცნობილი დოკუმენტური ფილმი “ნადირობა კაციჭამია ნიანგზე”. სატელევიზიო ჯგუფი გიდთან და მოყვარულ ჰერპეტოლოგ პატრის ფეისთან ერთად, ცდილობდა ბურუნდში დაეჭირა უზარმაზარი კაციჭამია ნიანგი გუსტავი. თუ ლეგენდებს დაუჯერებთ, ეს ცხოველი გაიზარდა თითქმის 6,5 მეტრამდე და 20 წლის განმავლობაში მოახერხა დაახლოებით 300 ადამიანის გადაყლაპვა ტანგანიკას ტბისა და მიმდებარე მდინარეების სანაპიროებზე. prognozi.ge მოგვითხრობს ნახევრად მითიურ ურჩხულზე და მასზე წარუმატებელი ნადირობის ისტორიას.
ითვლება, რომ გუსტავეს პირველი მსხვერპლი გამოჩნდა გასული საუკუნის 70-იან წლებში ბურუნდში ამბობენ, რომ 1970-იან წლებში დაიწყო მდინარის ნაპირებზე ადამიანის ნარჩენების აღმოჩენა. ბევრმა ადგილობრივმა მცხოვრებმა გადაწყვიტა, რომ რეგიონში მანიაკი იყო. თუმცა, წლების განმავლობაში გაირკვა, რომ ხალხზე ნადირობდა უჩვეულოდ დიდი ნიანგი. ახლა ძნელი სათქმელია, როდის დაიწყო გუსტავმა მეთევზეებსა და მოცურავეებზე თავდასხმა. ხალხური გადმოცემით, ეს პირველად დაახლოებით 50 წლის წინ მოხდა. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ შექმნეს ლეგენდები 12 მეტრიანი კაციჭამია ნიანგის შესახებ მდინარე რუზიზისა და ტანგანიკას ტბაზე მდებარე სოფლებისა და ქალაქების მაცხოვრებლებმა.
თვითმხილველების თქმით, დემონური ქვეწარმავალი სიბნელეში ანათებდა ხან წითლად, ხან ყვითლად და იმდენად ბებერი იყო, რომ თავზე ბალახი ამოსდიოდა. ერთმა შამანმა ისიც კი განაცხადა, რომ სისხლისმსმელი ნიანგი დაწყევლილი სულის სამყოფელია და არის „ბოროტი ადამიანის კონტროლის ქვეშ“, რომელიც მას იყენებს მისთვის არასასურველ პიროვნებების გასაქრობად.
ეს პრეტენზია ნაწილობრივ ეფუძნებოდა იმ ფაქტს, რომ სისხლისმსმელი ქვეწარმავალი იშვიათად ჭამდა თავის მსხვერპლს. ამ ლეგენდებმა საბოლოოდ მიიპყრო მეცნიერების ყურადღება, რომლებმაც გაარკვიეს, რომ ტანგანიკას აუზში მართლაც იყო უზარმაზარი ნიანგი. გუსტავი არც ისე დიდი იყო, როგორც ადგილობრივები ამბობდნენ გაირკვა, რომ ამ ნიანგის სიგრძე ექვს მეტრზე მეტი არ იყო და არა 12, როგორც შეშინებულმა ბურუნდელებმა განაცხადეს, და ის დაახლოებით ტონას იწონიდა. თუმცა, ასეთი ზომები მართლაც ატიპიურია ნილოსის ნიანგისთვის. აფრიკაში დაჭერილი ყველაზე დიდი ნიანგი იყო 6,1 მეტრი სიგრძის და ამ ქვეწარმავლების საშუალო ზომა სამიდან ხუთ მეტრამდეა. მითიური კაციჭამია ნიანგი გაცილებით გრძელი აღმოჩნდა. ასევე შესაძლებელი გახდა იმის გარკვევა, რომ გიგანტი ცხოვრობს ტანგანიკის ტბის პატარა კუნძულზე და შეჯვარების სეზონზე მიგრირებს მდინარე რუზიზის გასწვრივ. სწორედ ამ პერიოდში ხდება ყველაზე მეტი თავდასხმა ადამიანებზე. 2000-იანი წლების დასაწყისში ჟურნალმა National Geographic-მა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ გუსტავის თავდასხმების დადოკუმენტირებული შემთხვევები მხოლოდ 1987 წლიდან ხდებოდა და არა 1970-იანი წლებიდან.
ადგილობრივი ლეგენდები ამბობენ, რომ გიგანტური ნიანგი ადამიანის ხორცზე დამოკიდებული გახდა 1972 წელს ბურუნდში ტუტსის ხალხის სამარცხვინო გენოციდის დროს. როდასაც გენოციდის შედეგად დაღუპულთა ცხედრები მდინარეში ჩაყარეს და გუსტავმა ისინი, სავარაუდოდ, ათეულობით შთანთქა.
გუსტავი 2002 წელს
ლეგენდარული ნიანგის სისხლისმსმელ ქცევას უფრო “მშვიდობიანი” ახსნაც ჰქონდა. უზარმაზარი ზომის გამო, მას უბრალოდ არ შეეძლო უფრო მოქნილ ნადირზე ნადირობა, როგორიცაა ანტილოპები და გაზელები, ამიტომ ყურადღება გაამახვილა ნაკლებად მოქნილ არსებებზე: ადამიანებზე და შინაურ პირუტყვზე და 1972 წელს ბურუნდის საშინელი მოვლენები არაფერ შუაშია. გუსტავზე მთავარი მონადირე იყო ფრანგი პატრის ფეი, ფილმის “ნადირობა კაციჭამია ნიანგზე” მთავარი გმირი. 1953 წელს ლიონში დაბადებული მამაკაცი ახალგაზრდობაში სანტექნიკოსად მუშაობდა, მაგრამ მოგზაურობის გატაცებამ ის ჯერ კანადაში, შემდეგ კი აფრიკაში მიიყვანა. ის ბურუნდში დასახლდა და ექსკურსიამძღოლად დაიწყო მუშაობა. მისი მეორე გატაცება იყო ჰერპეტოლოგია. მას არ შეეძლო არ დაინტერესებულიყო გიგანტური ნიანგის შესახებ ისტორიებით. სწორედ ფეიმ ამოიცნო მითიური ქვეწარმავალი 2001 წელს და დაარქვა სახელი გუსტავი. იმ დროისთვის ფრანგი უკვე ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ნადირობდა მასზე. ფეის წყალობით გადაიღეს გუსტავზე პირველი დოკუმენტური ფოტოები და ვიდეო კადრები.
ის უბრალოდ გიგანტურია. სამჯერ აღემატება ბურუნდის სხვა ნიანგებს. მაგრამ ის საკმაოდ ნელია და ვერ ჭამს იმას, რასაც სხვები აკეთებენ, ანუ თევზები და პატარა ძუძუმწოვრები. ის თავს ესხმის ნელ ნადირს, რომლის დაჭერაც ადვილია. პატრის ფეის BBC-ის ინტერვიუდან, 2002 წელი
აღმოჩნდა, რომ ამ ცხოველის მოკვლა არაერთხელ სცადეს. მის ტყავზე შეიმჩნეოდა შუბის და ტყვიის ჭრილობები. ზოგიერთი ადგილობრივი ამტკიცებდა, რომ ვიღაცამ ავტომატიდანაც კი ესროლა გუსტავს, მაგრამ ის ცოცხალი დარჩა. ამან მას ტყვიაგაუმტარის რეპუტაცია მოუტანა. მეცნიერებისადმი მისი ერთგულების მიუხედავად, ფეის სჯეროდა წარმოუდგენელი რაოდენობის საშინელი ზღაპრებისა გუსტავზე. ზოგიერთი ექსპერტი ეჭვობს, რომ ამ ურჩხულს მართლაც ჰყავდა ასობით მსხვერპლი. რუზიზის ნაპირებზე ხომ უამრავი სხვა დიდი ნიანგია. დღეისთვის არსებული სხვადასხვა ვერსიების მიხედვით გუსტავის მიერ შეჭმული ბურუნდის მაცხოვრებლების რაოდენობა მერყეობს 300-დან სამ ადამიანამდე. ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის დარწმუნებით თუ რომელ ვერსიას დავუჯეროთ.
ასეთ შემთხვევებში სტატისტიკის სანდოობის შეფასება რთულია. დანამდვილებით ვიცით მხოლოდ ის, რომ ის ნადირობს ბურუნდის სოფელ გათუმბას მიდამოებში. მარკ განსუანა ნიანგების სპეციალისტი, ინტერვიუ Newsweek-თან
მეთევზეები ტანგანიკას ტბაზე 2002 წელი
ნიანგების ექსპერტი მარკ განსუანა სკეპტიკურად იყო განწყობილი იმ ისტორიების მიმართ, რომ გუსტავი კლავდა ადამიანებს გართობის მიზნით ან, უფრო მეტიც, ბოროტი ჯადოქრის ბრძანებით. განსუანის თქმით, ის რომ გიგანტური ქვეწარმავალი ხშირად ტოვებს მსხვერპლს თითქმის ხელუხლებლად, გასაკვირი არ უნდა იყოს. „ნიანგებს საკვებისადმი საკმაოდ მოკრძალებული მოთხოვნები აქვთ. წარმატებული ნადირობის შემდეგ, ნადირს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში მიირთმევენ“, – განუცხადა მან Newsweek-ს. ფეი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა გუსტავის დაჭერას, მაგრამ ეს არ გამოუვიდა. PBS-ის ფილმის გადაღების დროს მან, ასისტენტებთან და ეკიპაჟის წევრებთან ერთად, რამდენჯერმე მოაწყო ხაფანგები, მაგრამ გიგანტური ნიანგი, თითქოს მისი მისტიკური რეპუტაციის დადასტურებას ცდილობდა, ოსტატურად მოერიდა მათ. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში მონადირეებმა მდინარის ნაპირზე ააგეს გრძელი ხაფანგი ავტომატური ჩამკეტი კარით და ღამით შიგ ცოცხალი თხა შეაბეს. დილით ხაფანგი ცარიელი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, გუსტავმა მოახერხა ცხოველის გაყვანა კარის საკეტის მექანიზმის ამოქმედების გარეშე. მართალია, სატელევიზიო ჯგუფმა აღიარა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სხვა მტაცებელი. ფეიმ 2002 წელს BBC-ს გაუზიარა კიდევ ერთი ამბავი გუსტავის დაჭერის მცდელობის შესახებ. მისი თქმით, მან 40 ასისტენტთან ერთად 10 მეტრის სიგრძის გალია გააკეთა. გალია ნაპირზე დააყენეს, ხორცით გაავსეს და ვიდეო კამერებით ჩასაფრდნენ.
მაგრამ, მაგრამ ეს იყო სრული მარცხი. ნიანგმა გალიას შემოუარა და თითქოს დამცინოდა. ჩვენ ვერ დავიჭირეთ იგი. ჩვენ გვინდოდა მისი დაჭერა და რეპორტაჟის გაკეთება, რომელსაც მთელ მსოფლიოში აჩვენებდნენ. ჩვენ გვინდოდა გუსტავისა და ბურუნდის განდიდება. პატრის ფეის BBC-ის ინტერვიუ, 2002 წელი
ამავდროულად, როგორც მრავალი გამოკვლევიდან ჩანს, გუსტავის ლეგენდარული სტატუსი თავიდან ბოლომდე ფეის და უძველესი მითებისადმი ერთგული ბურუნდის მკვიდრთა ფანტაზიის ნაყოფია. ექსპერტები აღიარებენ, რომ უზარმაზარი ქვეწარმავალი ნამდვილად არსებობდა. მეტ-ნაკლებად ზუსტად დადგინდა, რომ გუსტავი გამოიჩეკა 1950-იანი წლების შუა ხანებში ან 1960-იანი წლების დასაწყისში. დაახლოებით 1970-იან და 1980-იან წლებში მან მიაღწია თავის გიგანტურ ზომას, აღარ შეეძლო თევზებისა და ანტილოპების დევნა და გადაერთო ნელად მოძრავ ადამიანებზე და ძროხებზე. მათ მართლაც ბევრჯერ სცადეს გუსტავისთვის დაჭერა ან მოკვლა, რასაც ტყავზეარსებული ნიშნები მოწმობს.
ხაფანგი, რომელითაც ცდილობდნენ გუსტავის დაჭერას
არ აქვს მნიშვნელობა რას ფანტაზიორობენ ადგილობრივები, ფეი და სხვა იაფფასიანი შეგრძნებების მოყვარულები, ნილოსის ეს ნიანგი შესაძლოა ყველაზე დიდი იყო არა მხოლოდ ბურუნდში, არამედ მთელ აფრიკაში. როგორც წესი, ნილოსის ნიანგები ველურ ბუნებაში ცოცხლობენ დაახლოებით 45-50 წლის განმავლობაში, მაგრამ გუსტავს ხედავდნენ მაშინაც კი როდესაც ის 60 წელს გადაცილებული იყო. გუსტავი უკვე თითქმის 10 წელია არავის არ უნახავს ახლა ზუსტად არ არის ცნობილი ცოცხალია თუ არა ცნობილი ნიანგი. როგორც ჩანს, თავდასხმები შეჩერდა 2000-იანი წლების შუა ხანებში. დაიწყეს იმის თქმა, რომ გუსტავი ცოცხალი აღარ იყო. თუმცა, 2009 წელს, ჟურნალმა National Geographic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიანგი კვლავ შენიშნეს ტანგანიკაში. მართალია, გამოცემას ეს ინფორმაცია სწორედ ფეიმ მიაწოდა. ბევრ რეალურ ბიოლოგს აქვს დიდი ეჭვი ამ ადამიანის ვინაობასთან დაკავშირებით. ახალგაზრდობიდანვე იყო ენთუზიაზმით სავსე რომანტიული მოგზაური, არ მიუღია უმაღლესი განათლება და ხშირად მიჰყვებოდა ბურუნდის მკვიდრთა ზღაპრებს. გარდა ამისა, ფეის რეპუტაცია დაირღვია ქვეყანაში მის მიერ დაარსებული ობლების სამი სკოლის გარშემო ატეხილი სკანდალით. 2011 წელს ხუთმა სტუდენტმა გოგონამ ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. ეს ბნელი ამბავია, რომლის დროსაც გაირკვა, რომ გოგონების წაქეზება გამოწვეული იყო ბურუნდის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ფრანგს შორის რაიმე სახის ინტერესთა კონფლიქტის გამო. როგორც არ უნდა იყოს, 2020-იანი წლებისთვის ფეი უკვე ტოგოში ცხოვრობდა და გუსტავზე გამუდმებით ნადირობა აღარ შეეძლო.
ფეის ხშირად ადარებდნენ კაპიტან ახაბს ჰერმან მელვილის მობი დიკიდან. მხოლოდ მისი სურვილი იყო შეეპყრო (და არა მოეკვდინა) არა თეთრი ვეშაპი, არამედ გიგანტური ნიანგი
2019 წელს, Travel Africa Magazine-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ რამდენიმე მონადირემ შეძლო გუსტავის მოკვლა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ მხოლოდ სამი ადამიანი გახდა ლეგენდარული ნიანგის მსხვერპლი. მართალია, ტექსტში არ იყო მითითებული ქვეწარმავლის დაჭერის რაიმე გარემოება და არ ასახელებდა მონადირეებს. ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, რადგან გუსტავი დიდი ხანია გახდა მსოფლიოში ცნობილი ასე ვთქვათ ცნობილი სახე და ადამიანები, ვინც ის მოკლა, არ გაუშვებდნენ ხელიდან ასევე ცნობილად გახდომის შანსს. გუსტავის ბოლოს შემჩნეული იქნა 2015 წელს. ამის შემდეგ რამდენიმე მეთევზემ განაცხადა, რომ იგი მდინარე რუზიზზე ნახეს. უცნობია შეიძლება თუ არა ამ ინფორმაციის ნდობა. მიუხედავად ამისა, ტანგანიკას წყლებში ჩასაფრებული გიგანტური კაციჭამია ნიანგის ლეგენდა ისევ გრძელდება.
ბევრს სჯერა, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ხელახლა დაიწყოს ხალხზე ნადირობა.